შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექსპერტებმა ლაგოდეხში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაატარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექსპერტებმა ლაგოდეხში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა ქალაქ ლაგოდეხში ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებისთვის სპეციალური სემინარი ჩაატარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ მეცადინეობებს, ასევე, პრაქტიკულ ნაწილსაც, რომლის ფარგლებში მსმენელებმა საგანგებო მართვის გეგმის პირველადი დრაფტის მომზადებასა და მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსების პროცედურებზე იმუშავეს.
 
ერთკვირიანი კურსის მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაცია, მოსახლეობის დაცვის მეთოდები, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები და სხვა მნიშვნელოვან საკითხები.
 
სწავლება სპეციალური პროგრამის "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირება საქართველოში" განხორციელდა, რომელიც საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში სამ ეტაპად ტარდება. სემინარები უკვე ჩატარდა კახეთის რეგიონის ქალაქებში, გარდა ამისა, მსგავსი ტიპის შეხვედრა შედგა შიდა ქართლშიც, ქალაქ გორის მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებისთვის.
 
პროგრამის მიზანი თითოეული მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის პროექტის შემუშავება და შემდგომში საკრებულოების მიერ გეგმების დამტკიცება იქნება.
 
პროექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.