საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების (ობიექტის დონეზე) შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგში მონაწილეობა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის შიდა უსაფრთხოების, საინჟინრო მიმართულების, ოპერაციებისა და კომენდანტურის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს.
შეხვედრის მონაწილეებს ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების დროს საჭირო უნარ-ჩვევებისა და აუცილებელი მოქმედებების განხორციელების შესახებ.
სწავლების თემატიკა მოიცავდა: საგანგებო სიტუაციების სახეობებს, საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების წესებს, საგანგებო სიტუაციების დროს შეტყობინების სისტემის გამოყენების წესებს, კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, ევაკუაციასა და პირველად სამედიცინო დახმარებას.
სწავლებაში ჩართული იყო 30-მდე პირი. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს უფროსმა ზაზა ფანცულაიამ გადასცა.