შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტრუქტორებმა პოლონეთის რესპუბლიკაში გამართულ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტრუქტორებმა პოლონეთის რესპუბლიკაში გამართულ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს აკადემიის ინსტრუქტორები სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც 5 დღის განმავლობაში, ორი სახის გადამზადების კურსში მიიღეს მონაწილეობა. 
 
ვიზიტის პირველ ეტაპზე ქართველმა სპეციალისტებმა მხედველობისა და სუნთქვის ორგანოების ინდივიდუალური დაცვის  საშუალების ტექნიკური მომსახურების საკითხების შესახებ კურსი გაიარეს, ვიზიტის მეორე ნაწილი კი, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებზე რეაგირების სწავლებას მოიცავდა. ორივე კურსის გავლის შემდეგ ინსტრუქტორებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 

სასწავლო ნაწილის გარდა, ქართულმა დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრა ქალაქ ვარშავის ცენტრალური სახანძრო სკოლის რექტორთან - გენერალ მარიუშ ფელტინოვსკისთან გამართა. შეხვედრისას განხილულ იყო მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. 

სამუშაო ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ქალაქ ვარშავის ცენტრალურ სახანძრო სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლებლობების განვითარების კუთხით, პოლონურ მხარესთან 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და სასწავლო პროექტი. პოლონელი პარტნიორების დახმარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეხანძრე-მაშველთა სავარჯიშო შესაძლებლობები და აღჭურვილობა.