შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოხალისეებს სპეციალური სწავლება ჩაუტარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მოხალისეებს სპეციალური სწავლება ჩაუტარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების მოხალისეთა ერთობლივი გუნდებისათვის პრაქტიკული ტრენინგ-კურსი ჩატარდა.

საველე სამუშაოები პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. სწავლებას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ და მასში სულ 40 სამოქალაქო პირი იყო ჩართული. კურსის მიმდინარეობისას, მოხალისეებმა ინფორმაცია მიიღეს ხანძრის ქრობის ინდივიდუალური აღჭურვილობის გამოყენებისა და სამაშველო სამუშაოების ჩატარების მეთოდების შესახებ.

სწავლების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე, კატასტროფების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კახა მამულაძე. კურსი პროექტის - „სამოქალაქო დაცვის სისტემის გაძლიერება მოხალისეთა შესაძლებლობების გაძლიერების გზით“ - ფარგლებში, ევროკომისიის, ავსტრიის წითელი ჯვრის და ავსტრიის განვითარების კოოპერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტი მიზნად ისახავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და წითელი ჯვრის ერთობლივი მოხალისეთა გუნდების ჩამოყალიბებას ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და წითელი ჯვრის მიერ ერთობლივი გადამზადებული მოხალისეთა გუნდები პროფესიონალი მაშველებისათვის დამხმარე რგოლად განიხილებიან. ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ საგანგებო სიტუაციებისთვის მზაობას და სწრაფ რეაგირებას ადგილობრივ დონეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინირებით.