შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის და ზვავსაშიშ ზონებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით სპეციალური სწავლება ჩაუტარდათ. ერთკვირიანი კურსი, რომელიც გუდაურში მიმდინარეობდა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს და მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების გარდა, მონაწილეობას იღებდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
სწავლებას ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამთო სამსახურის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. კურსის მიმდინარეობისას ავსტრიელმა ექსპერტებმა ქართველ მსმენელებს გამოცდილება გაუზიარეს თოვლში სამაშველო სამუშაოების დროს სპეციალური საძიებო დეტექტორების გამოყენების, ზვავში დაშავებულთა ტრანსპორტირების, გაუკვალავ თოვლში თხილამურებით გადაადგილების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
კურსის დასრულების შემდეგ სწავლებაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა.
სამთო-სამაშველო ტექნიკის საკითხებზე სწავლება საქართველოში ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე - გერალდ ჰიორმანის მხარდაჭერით განხორციელდა.