შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის (PPRD) ფარგლებში გამართულ რეგიონალური დონის სემინარში მიიღეს მონაწილეობა. ორ დღიან საერთაშორისო ღონისძიებაში ადგილობრივი სპეციალისტების გარდა, პროგრამაში მონაწილე ქვეყნების 20 წარმომადგენელი იყო ჩართული.
კატასტროფის რისკების მართვის თემაზე ჩატარებული სემინარის მთავარი მიზანი პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე, რისკების მართვის პრაქტიკის და საუკეთესო გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება იყო. ღონისძიების მიმდინარეობისას, ექსპერტების მიერ განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის იყო ურთიერთკავშირის გაუმჯობესება შესაბამის სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს შორის, ასევე, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების ინკლუზიური მიდგომის ხელშეწყობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური PPRD-ის პროგრამის ბენეფიციარია უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბელარუსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შესაძლებლობების განვითარება, ცოდნის გაზიარება, საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა (მოხალისეთა სისტემა), რეგიონალური თანამშრომლობა, ადრეული გაფრთხილების სისტემა და რისკის შეფასება/მართვა. PPRD East 3-ის პროგრამა 2020 წელს დაიწყო და 2024 წლამდე გაგრძელდება.