თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა გაიხსნა. შენობაში სამსახურის ქოლ-ცენტრის 40 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც საზოგადოებრივი მართვის ცენტრ ‘’112’-ში შემოსულ შეტყობინებებს მორეაგირე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს სწრაფად და ზუსტად გადასცემენ.
შენობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა გახსნა. ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებს ახალი სამუშაო გარემო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ლევან ღირსიაშვილმა და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა - დავით სუხიშვილმაც მიულოცეს.
ახალი შენობა თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა - დამონტაჟდა ინტერაქტიული მონიტორები და შეიქმნა ყველა სახის პირობა ცენტრის თანამშრომელთათვის პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად. მოწყობილი ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთა მოთხოვნილებებზე და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ახალი ინფრასტრუქტურა საგანგებო სიტუაციების დროს მოქალაქეთა საჭიროებების შესახებ ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღებას და გადაცემას უზრუნველყოფს.
ოპერატიული მართვის ცენტრის მოდერნიზების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეზოში მდგარი ერთ-ერთი შენობის სრული რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყო, დღეს კი ცენტრი უკვე სრულად ახალ შენობაშია განთავსებული, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის.