შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლასთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, პირველადი მორეაგირეებისთვის სტანდარტიზებული ტრენინგ კურსებისა და სიმულაციური სწავლებების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა. აღჭურვილობის ნაწილი განკუთვნილია პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიმართულებით სწავლებების ჩასატარებლად, ნაწილი კი, საავარიო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად. მიღებული აღჭურვილობა სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქართველი მეხანძრე-მაშველების როგორც მომზადების, ასევე, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დონეს.
აღჭურვილობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი, ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის პრორექტორი - ვოჟიეჩ იაროში და ამავე სკოლის საინჟინრო დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების ფაკულტეტის დეკანი - ზდრასლავ სალამონოვიჩი.
ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარ სკოლასთან თანამშრომლობა მოიცავს როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას, ასევე, ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას. პროექტის ფარგლებში, ქართველი ინსტრუქტორებისთვის, ახალი აღჭურვილობის გამოყენებით, ხუთდღიანი სწავლება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის და შსს აკადემიის 18 თანამშრომელი იღებდა. სპეციალურ კურსს ვარშავის სახანძრო სამსახურის მთავარი სკოლის ინსტრუქტორთა ჯგუფი უძღვებოდა.