შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ვეფხვია ფიფია

მეხანძრე-მაშველი

37 წლის

ვეხვია ფიფიამ მეხანძრე-მაშველად მუშაობა ათი წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი მამამ ითამაშა, რომელიც ასევე მეხანძრე-მაშველად მუშაობდა.

‘’ამ პროფესიის შესახებ ყოველთვის ბევრი მესმოდა და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ მეც გავმხდარიყავი მეხანძრე-მაშველი. მუშაობის დასაწყებად აუცილებელი იყო  გავლილი მქონოდა სავალდებულო სამხედრო სამსახური, ამიტომ სკოლის დამთავრებისთანავე წავედი ჯარში. როგორც კი დავბრუნდი, მაშინვე სახანძრო დეპოში მივედი. ხელფასი არც ისე კარგი იყო, თუმცა ეს არაფერს ნიშნავდა. უბრალოდ მინდოდა ჩემს კუთხეში ვყოფილიყავი და ხალხს დავხმარებოდი. ჯარში დარჩენაზეც დავფიქრდი, მაგრამ საბოლოოდ მეხანძრე-მაშველობა ვარჩიე. რეზერვში ისევ ვარ და თუ საქართველოს დასჭირდა, ვიბრძოლებ კიდეც, მაგრამ როცა ქვეყანაში მშვიდობაა, რიგით მოქალაქეებს მეხანძრე-მაშველად უფრო გამოვადგები.

ჩვენს რეგიონში ტურისტულ სეზონზე ხშირია შემთხვევები, როცა დახმარება მოლაშქრეებს სჭირდებათ. ერთხელ ქართველი მოლაშქრეების ცხრაკაციან ჯგუფს, რომლებიც ტობავარჩხილიდან მოდიოდნენ, ორი ტურისტი ჩამორჩა. უღრანი ტყიდან შვიდმა გააგნო გზა, ორმა კი, გამოსვლა ვერ შეძლო. როგორც გვითხრეს, ადრე დაბრუნება სურდათ და იფიქრეს, რომ მოკლე გზას იპოვიდნენ. დღის მეორე ნახევარი იყო და ტყეში დარჩენა მოუწიათ. მოლაშქრეები მდინარის პირას დაბანაკდნენ, თუმცა იმ ღამეს ძალიან იწვიმა, წყალი ადიდდა და მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც ვეღარ შეძლეს. ჩვენთან შეტყობინება დილით შემოვიდა. საბედნიეროდ, ტელეფონი ჰქონდათ და დავუკავშირდით დაკარგულებს. მითხრეს, რომ ორი დღის მშივრები იყვნენ და ძალა გამოცლილები გზას ვერ აგრძელებდნენ. ამიღწერეს ტერიტორია, მითხრეს რა ჩანდა, როგორი ადგილი იყო. მეც მოლაშქრე ვარ და ეს ტერიტორია ჩემთვის უცხო არ არის. მივხვდი, დაახლოებით რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. წავიღეთ საჭმელი, ტკბილეული და ყველა საჭირო ნივთი. რამდენიმე საათიანი გზის შემდეგ, მივაგენით ჯგუფს. ერთ-ერთს გულის პრობლემები ჰქონდა, ამიტომ პანიკაში იყვნენ. როცა მივედით დამშვიდდნენ, შედარებით მოვაძლიერეთ, მათი ზურგჩანთები ავიკიდეთ და წამოვიყვანეთ. ბიჭს, რომელსაც გული აწუხებდა, მოძრაობა უჭირდა და აღმართს ვერ გადიოდა, ამიტომ წამოვედით შედარებით მოკლე, თუმცა რთული და ვიწრო ბილიკით. რამდენიმე საათის შემდეგ, ჯვარში ორივე უვნებლად ჩამოვიყვანეთ.

რა თქმა უნდა, გახარებულები იყვნენ და მადლობას გვიხდიდნენ. მათი მეგობრების, ახლობლების, ნათესავებისგან ტელეფონის ზარები არ წყდებოდა. ბიჭს გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ძალიან აწუხებდა. რომ არ მივსულიყავით, გადატანა გაუჭირდებოდა.

მეხანძრე-მაშველის ფორმა დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. ყველა, ვინც ჩემ გვერდით დგას, ამაყობს, რომ ასეთ ღირსეულ პროფესიას წარმოადგენს. ჩვენ გაჭირვების დროს ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ და ვაძლიერებთ. რა არ გადაგვხდენია თავს, ბევრი რთული მომენტი გამოვიარე ამ ბიჭებთან ერთად.

ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანების გადასარჩენად. მუდმივად ვგრძნობ, რომ ხალხს ჩვენი სამსახური ძალიან უყვარს.

გაიცანი გმირი