შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


გიორგი სეთურიძე

მეხანძრე-მაშველი

33 წლის

ხშირად მუშაობა სამთო-სამაშველო ჯგუფში მიწევს. არის შემთხვევები, როცა ჩვენი დახმარება ტურისტებს სჭირდებათ.

სამი წლის წინ, სვანეთში  ისრაელის ორი მოქალაქე გადავარჩინეთ. სალაშქროდ წასულ წყვილს გზა აერია. ძლიერი თოვა იყო, ნისლი ჩამოწვა და ახალგაზრდებმა თავი კლდის ძირს შეაფარეს. გზის გაგრძელებას ვეღარ შეძლეს. ორდღიანი ძებნის შემდეგ, წყვილი ვიპოვეთ. გაყინულები იყვნენ და მოძრაობა არ შეეძლოთ. ორივე ერთ საძილე ტომარაში გახვეულიყვნენ.  ჩვენ გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება და მივიყვანეთ სამედიცინო პუნქტში.

წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები ვიყავით მაშინ მათთვის. როგორი ბედნიერები იყვნენ ჩვენი გამოჩენით. შენც უზომოდ გახარებული ხარ, როცა საბოლოოდ კარგ შედეგს აღწევ. როდესაც ყველაფერი მთავრდება, ფიქრობ, რომ ფაქტობრივად, უიმედო ადამიანს სიცოცხლე აჩუქე.

საქმე, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. ჩვენ შევდივართ იქ, საიდანაც ადამიანები გარბიან ან გამოსვლას ვერ ახერხებენ. ამისთვის მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო - საკუთარი თავიც ისე უნდა აკონტროლო, როგორც ის ადამიანი, ვის გადასარჩენადაც მიდიხარ.

ჩვენი საქმე გუნდურია - მეხანძრე-მაშველები ერთმანეთის სიცოცხლეს ვაზღვევთ და ყველა ერთად სხვა ადამიანს ვეხმარებით.

გაიცანი გმირი