შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ზურაბ ცინაძე

მეხანძრე-მაშველი

62 წლის

უკვე ოცი წელია ამ საქმით ვარ დაკავებული. უამრავი საინტერესო ამბავი გადამხდენია. გადამირჩენია უცხოელი ტურისტებიც და ბევრჯერ ვყოფილვარ ძალიან რთულ, სახიფათო სიტუაციაში. ბოლოს მომხდარ ისტორიას კი განსაკუთრებულად გავიხსენებ.

სამსახურში ვიყავი, როცა მანქანის შეჯახების ძლიერი ხმა გავიგე. აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც 50 მეტრში საშინელი შემთხვევა მოხდა. მანქანა დაღმართზე ჩამოდიოდა, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე არსებულ მილს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად მილი მოწყდა, მანქანა მდინარეში გადავარდა და მეორე მხარეს არსებულ კედელს დაეჯახა.

დავინახე წყალში ჩავარდნილი ადამიანი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო. იქვე პატარა კუნძულზე ამოვიყვანე,  სახე სრულად სისხლიანი ჰქონდა და პულსიც არ ესინჯებოდა. მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოვუჩინე. ადგილზე  ჩვენი ბიჭებიც მოვიდნენ. ადამიანი უკვე გარდაცვლილი გვეგონა, თუმცა არ მოვეშვი, არ დავნებდი, ვიდრე გონზე არ მოვიყვანე. საბოლოოდ ეს მაინც მოვახერხე - ფაქტობრივად, მკვდარი ადამიანი გავაცოცხლე

ეს შემთხვევა ძალიან ემოციური, დასამახსოვრებელი იყო. ეს ამბავი იმაზე მეტყველებს, რომ ზოგჯერ მაშველს გამოძახების გარეშეც შეემთხვევა ისეთი ისტორია, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროფესიისთვის აუცილებელია, რომ მუდმივად, ყოველ წამს მზად ვიყოთ მოქალაქეების დასახმარებლად.

გაიცანი გმირი