შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


დავით დავითიძე

მეხანძრე-მაშველი

38 წლის

"პროფესია ჩემი ძმის გავლენით ავირჩიე. ისიც მეხანძრე-მაშველია, საკუთარ პროფესიაზე ყოველთვის საინტერესოდ საუბრობდა ხოლმე, ვიფიქრე, რატომაც არა, მეც ვცდი"

​და სცადა. დავით დავითიძე ძმის მსგავსად მეხანძრე-მაშველი გახდა, პროფესიის არჩევიდან 9 წელი გავიდა და საკუთარ გადაწყვეტილებაში ისევ დარწმუნებულია.

"თუ გინდა კარგი მეხანძრე-მაშველი გახდე, მამაცი, ვაჟკაცური და თავგამოდებული უნდა იყო, ამ თვისებებს კი, შენი პროფესიონალიზმი უნდა დაამატო.

​თავიდან რთული იყო, სახალისო სიტუაციებშიც კი ვვარდებოდი. ახალი მისული ვიყავი სამსახურში და გამოძახებაზე გასვლა მომიწია. გარე პერიმეტრზე დამაყენეს, როგორც გამოუცდელი მეხანძრე. ცეცხლის ჩაქრობის დროს უფროსმა დამიძახა და მითხრა, "სტოლი" მომიტანეო. რუსული არ ვიცოდი კარგად, ამიტომ დავიბენი. გავედი მანქანასთან და მაგიდას ვეძებდი. ბუნებრივია ვერსად ვიპოვე. საბედნიეროდ მალევე მივხვდი, რასაც გულისხმობდა და დახმარება შევძელი. ამ ისტორიაზე ახლა ძალიან ბევრს ვიცინით.

​თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი, მაინც ადამიანური ისტორიებია. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ და არც ვცდილობ ამ მხრივ შევიზღუდო. ერთხელ გამოძახებაზე ვიყავი გასული, დედა აივანზე ჩაიკეტა, ბავშვი სახლში იყო და კარს ვერ აღებდნენ. შვილს ხმას ვერ აგებინებდა. მივედი, კარი გავაღე და აღმოჩნდა, რომ ბავშვს წიგნზე ჩასძინებოდა. თითქოს დიდი არაფერი გავაკეთე, მაგრამ ისეთი მადლიერი იყო ოჯახი, ტიროდა. თვალცრემლიანი მადლობა ძალიან გულწრფელია და ის არასდროს გავიწყდება.

​ხშირად უცნაური გამოძახებებიც გვაქვს, მაგალითად, ერთხელ ღამის 4 საათზე შარდენზე, სახურავიდან კატა ჩამოვიყვანეთ. მაშინ ცოტა კი გავბრაზდი ცხოველზე, გულში ვფიქრობდი, რანაირი კატაა, სახურავიდან ვერ ჩამოდის-მეთქი, მაგრამ იმდენი კამერა მიღებდა შარდენზე, რომ ძალიან ფაქიზად ჩამოვიყვანე, მგონი, თვითონაც უკვირდა ასე ნაზად, რატომ მექცევაო.

9 წელმა მეც შემცვალა, სიკეთისკენ მიდრეკილი გამხადა. ხანდახან ჩემ თავს ვეკითხები ხოლმე, რატომ მიყვარს ჩემი სამსახური, იქნებ, ეს უბრალო შეჩვევაათქო, მაგრამ არა - მე ჩემი სამსახურის მიმართ სიყვარული ჩამომიყალიბდა. საკუთარი თავი ამ პროფესიის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია.

გაიცანი გმირი